logo
ENG



"9 აპრილი ჩვენთვის კიდევ სხვაგვარი მაგალითია" - სალომე ზურაბიშვილის სიტყვა სრულად

09 აპრ 202217:26
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიღება გამართა. 

მან როგორც 1989 წლის 9 აპრილის დარბევის, ისე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ისაუბრა. 

გთავაზობთ მის სიტყვას სრულად: 

"[საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი] - მოვისმინეთ ეს ისტორიული სიტყვები. ამ დროს და ამ დღეს არ უნდა დავივიწყოთ ვინც ამ აქტის სათავეში იდგა - ზვიად გამსახურდია და მის მიერ მიღებული ყველაზე სწორი, ყველაზე დროული, პოლიტიკური და ვიტყოდი ეროვნული გადაწყვეტილება - გამოცხადებული რეფერენდუმი.

მინდა მოგმართოთ პირადად თქვენ, აქ დამსწრეებს, უზენაესი საბჭოს წევრებს, ამ აქტის ავტორებს და ხელმომწერებს. თქვენ ამით აღასრულეთ ნება ერისა. დაამკვიდრეთ სამართლებრივად ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამით თქვენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საპატიო ადგილი დაიკავეთ. ამისათვის თქვენ ქართველი ხალხის უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გეკუთვნით.

ამ აქტით გაიმარჯვა თავისუფლებამ და გაიმარჯვა საქართველომ!

1991 წლის 9 აპრილს, ამ აქტზე ხელის მოწერით - დავამარცხეთ 1989 წლის 9 აპრილის ღამის ტრაგედია!

ამ აქტით აღასრულეთ 9 აპრილს შეწირულთა ნება და ხმა ერისა.... ამ აქტით, და ერთად, დავამარცხეთ 9 აპრილის ტანკები, დავამარცხეთ ნიჩბები და დავამტკიცეთ, რომ მსხვერპლი ტყუილად არ ყოფილა. სწორედ მათი უმაღლესი მონაპოვარია, რომ სულ ცოტა ხანში, ორი წლის შემდეგ, რეფერენდუმით გამყარებული დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. სწორედ იმ დღიდან, 9 აპრილი საზეიმო დღედ  გადაიქცა, სახელმწიფო დამოუკიდებლობის  აღდგენისა და გამარჯვების სიმბოლოდ! ასე უნდა აღვიქვამდეთ მას და ამ დღეს ზეიმით უნდა აღვნიშნავდეთ!

დღეს კი, როცა ისტორია უკრაინაში კიდევ ერთხელ თავის უსასტიკეს სახეს გვიჩვენებს, როცა რუსის ტანკები,  დამოუკიდებელ ქვეყანას თავს ესხმის და როცა ოცდამეერთე საუკუნეში წარმოუდგენელი ბარბაროსული სცენები იხატება, ჩვენი ქვეყნის განვლილი ისტორიის ტრაგიკული მაგალითი იმედის და მხნეობის მომცემია. ამიტომ ვიცით და გვჯერა, რომ უკრაინის მიერ გაღებული უმძიმესი მსხვერპლი, მისი გამარჯვების საწინდარი იქნება. ვიცით და გვჯერა, რომ ბუჩასა და კრამატორსკის ტრაგედიები როგორც ჩვენი 9 აპრილის ტრაგიკული ღამე, გახდება სულიერი გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების საწინდარი.

ასეთი შავი დღეები საზრდოა ეროვნული სულის სიმტკიცისა და გამძლეობისა. დღეს ამას რომ ვამბობთ, ამ დიდი მარხვის დღეებში, ვიცით და გვჯერა, როგორც ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა ისე ტანჯვას მოჰყვება გამარჯვება!

9 აპრილი ჩვენთვის კიდევ სხვაგვარი მაგალითია. ეს ჩვენი უახლესი ისტორიის ის პერიოდია, როცა საზოგადოება შეკრული და ერთიანი იყო. ამიტომ, სწორედ დღეს საჭიროა, რომ დავუბრუნდეთ ჩვენი ერთიანობის საფუძვლებს, ვუპასუხოთ საზოგადოებაში არსებული ეროვნული თანხმობის მოთხოვნას არა მხოლოდ მოწოდებებით და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით, არამედ ქმედებით.  ამ პროცესმა უნდა მიგვიყვანოს თანხმობის ერთობლივ დოკუმენტამდე, რომელმაც უნდა ასახოს  ჩვენი საერთო ხედვა და საერთო ნება.

სინამდვილეში, საზოგადოება უკვე თანხმდება ყველაზე  მთავარზე:

ერთიანები ვართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების არჩევანში,

ერთიანები ვართ ევროინტეგრაციის გზის არჩევანში,

ერთიანები ვართ კანონის უზენაესობის არჩევანში.

დღეს ასევე, ერთიანები ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარობაში. ჩვენს ერთობაზეა დამოკიდებული, რომ სხვამ ვერ შეძლოს ჩვენი მანიპულირება, ჩვენი პროვოკაციაში ჩათრევა და ჩვენ მიერ არჩეული გზიდან გადახვევა. ჩვენ თუ ჩვენს თავში ვიქნებით დარწმუნებულნი, გაერთიანებულნი ჩვენი მთავარი პრინციპების ირგვლივ და შევძლებთ, რომ არსებული გამოწვევების წინაშე ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია გვქონდეს და ბოლომდე დავიცვათ, ეს იქნება 9 აპრილის კიდევ ერთი გამარჯვება.

9 აპრილის მაგალითი სწორედ ამას გვასწავლის, რომ მხოლოდ ერთიანობით, ერთსულოვნებით და ერთიანი მომავლის ხედვით შეუძლია საქართველოს, გაუძლოს ამ საუკუნის გამოწვევებს, როგორც გაუძლო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანნი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილნი. 9 აპრილი ამის დასტურია, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა და ერთად დგომით წნეხსაც გაუძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

ერთი რამ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გამოცდილებიდან: ჩვენ გვასუსტებს მხოლოდ შიდა დაპირისპირება; უთანხმოება კი მტერს უხსნის გზას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება!

ეს ეხება, ასევე ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და რომლებთანაც, ბოლოსდაბოლოს საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშე საერთო მომავალი არ არსებობს. მინდა დღეს, აქედან, საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან, მოგმართოთ თქვენ. მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას. უნდა იცოდეთ, და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის თუ დადებული პირობის გატეხა. საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია: არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის.

დღეს საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა - აჩქარებული ევროპული ინტეგრაციის გზაა. გვინდა ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე - დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე, შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ.

ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით მოიპოვება. ეს გზა განვლილი გვაქვს. მაშასადამე მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალეთნიკურობა, ასევე მრავალპარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინებაც - თუ არა, სულ ცოტა გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დაყენება!

ამას ვუსურვებ სრულიად საქართველოს ამ 9 აპრილის დიდებულ დღეს! გაუმარჯოს საქართველოს!". 


close დახურვა